სკბთ საზოგადოების მოკლე ისტორია

საზოგადოების დაფუძნება და განხორციელებული საქმიანობები

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (GACBT / სკბთს) ოფიციალურად დაარსდა 2010 წელს, თუმცა მისი საქმიანობის საფუძველი 2004–2005 წლებით თარიღდება. ამ პერიოდში სამხრეთ ლონდონის და მოდსლის ფსიქიატრიის ინსტიტუტიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა სატრენინგო კურსი ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისთვის თემაზე: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოზებისთვის, დეპრესიისთვის და შფოთვითი აშლილობებისთვის“. ინიციატივა განხორციელდა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის (სფჯა) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (გიფ) მხარდაჭერით და წარმოადგენდა CBT-ის ცოდნის დანერგვის საფუძველს საქართველოში.

2006 წელს ქართულ ენაზე გამოიცა წიგნი „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია“, რომელიც ა. ბეგიაშვილმა და ქ. აბდუშელიშვილმა შეადგინეს. 2009 წელს შეიქმნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სატრენინგო კურსი „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის“, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კბთ-ის დანერგვის სტანდარტები.

2010 წლის ივნისში, ოფიციალურად დაფუძნდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) და შეიქმნა კბთ-სასწავლო პროგრამის პირველი ვერსია. 2011 წლის მარტში ჩატარდა პირველი ტრეინინგი „შესავალი კბთ-ში“ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის.

შემდგომ წლებში (2012–2014) სკბთს განაგრძობდა სასწავლო პროგრამების განვითარებას: ჩატარდა სემინარები სხვადასხვა აშლილობებზე (ოკა-ს, პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვა, იპოქონდრია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები, დეპრესია) და საერთაშორისო სტატია „კბთ საქართველოში“ გამოქვეყნდა CBT Today-ში. 2013 წელს საზოგადოებამ გააგრძელა საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტთან, ევროპული სტანდარტების შესაბამისად სასწავლო პროგრამების დანერგვის მიზნით. ამავე პერიოდში განახლდა საზოგადოების წესდება, დასრულდა სასწავლო პროგრამის საბოლოო ვერსია და განხორციელდა ტრეინინგები ბიჰევიორული თერაპიის მიმართულებით.

2013–2014 წლებში სკბთს აქტიურად აძლიერებდა პროფესიულ კვალიფიკაციას: განხორციელდა კვლევა ფსიქოთერაპევტების როლსა და ფუნქციებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში, ჩატარდა შემდგომი ტრეინინგები, სემინარები და ვორქშოფები ფსიქიკური აშლილობების მრავალფეროვანი თერაპიული მიდგომების შესახებ. 2014 წელს სკბთს გახდა ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის საზოგადოების (EABCT) სრულუფლებიანი წევრი და დაიწყო ორგანიზაციული განვითარების პროექტების განხორციელება.

2015–2020 წლებში საზოგადოების მხარდაჭერით, მოწვეულ ტრენერებთან ერთად, განხორციელდა ვორქშოფების ციკლი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიდგომებს სხვადასხვა აშლილობის დროს. 2020 წლის 24 თებერვალს სკბთს-ს მიენიჭა EABCT-ის აკრედიტაცია, რაც ხაზს უსვამს საზოგადოების პროფესიულ სტანდარტებსა და საერთაშორისო აღიარებას.

2020–2022 წლებში, პანდემიის პერიოდში, სკბთ საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო COVID-19 კრიზისთან დაკავშირებულ ფსიქოსოციალურ გამოწვევებს. პროექტის „მოსახლეობის ფსიქოთერაპიულ მიდგომებზე დაფუძნებული ფსიქოსაგანმანათლებლო წყაროებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში სკბთს პლატფორმა „ღია“-ს საშუალებით წარმოადგინა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვიდეომასალები. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო რესურსების მიწოდებას, სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის მართვის მხარდაჭერისთვის.

2022–2023 წლებში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სკბთს ჩაერთო პროექტში უკრაინის მოქალაქეების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მიზნით. პროექტის ფარგლებში უკრაინელი და ქართველი ფსიქოთერაპევტები უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ფსიქოთერაპიულ სერვისებს რუსულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. 

პროექტმა უზრუნველყო მრავალფეროვანი თერაპიული ჩარევები, მათ შორის სენსორული, მეტყველების, ქცევითი და კბთ სეანსები, ბავშვებისთვის სპეციალური კლინიკური შეფასების შესაძლებლობებით. ამ ინიციატივამ შექმნა უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო უკრაინელი ომით დაზარალებული პირებისთვის, ხელი შეუწყო სტრესის, ემოციური დისბალანსისა და ადაპტაციის სირთულეების ეფექტურად დაძლევას.

სკბთს აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობას, პროფესიული განვითარების პროგრამებს, კვლევებს და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ინიციატივებს, რაც მიზნად ისახავს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ხარისხის, სტანდარტების და ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში.

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

23 ოქტ 2025

2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესი (WCCBT 2026)

გახსნილია აბსტრაქტების მიღება და რევიუერების მოწვევა 2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესისთვის (WCCBT 2026). კონგრესი გაიმართება 25–28 ივნისს, ქალაქ სან-ფრანცისკოში, Marriott Marquis-ში.

17 ოქტ 2025

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები კბთ სპეციალისტებისთვის

კბთ სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში.

ხშირად დასმული კითხვები

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამა წარმოადგენს სამწლიან, სიღრმისეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტირებულ კურსს, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიცირებული კბთ-თერაპევტების მომზადებისთვის. პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლას, უნარ-ჩვევათა პრაქტიკულ ტრენინგებს, სუპერვიზირებულ კლინიკურ პრაქტიკასა და ინდივიდუალურ/ჯგუფურ სუპერვიზიას. კურსის ფარგლებში მონაწილეები იძენენ ცოდნას კბთ-ის ფუნდამენტურ პრინციპებში, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის კოგნიტურ-ბიჰევიორულ მოდელებში, კლიენტთან თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, ასევე პრაქტიკულად მუშაობენ სუპერვიზიის ქვეშ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტირებულ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მათ პროფესიულ კვალიფიკაციას და აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. 

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი პროგრამა სამწლიანია, ხოლო მიღება ტარდება დაახლოებით ორწელიწად-ნახევარში ერთხელ. მიღების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სკბთ-ის ოფიციალურ მედია არხებზე, ხოლო მიღების მიმდინარე სტატუსი ხელმისაწვდომია სიახლეების სექციაში.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების (სკბთს) წევრობა გახსნილია ყველა პროფესიონალისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კბთ-ის სფეროში პროფესიულ განვითარებაში. წევრობის მისაღებად საჭიროა:

  • მიაწოდოთ ორგანიზაციას შესაბამისი პროფესიული და საგანმანათლებლო დოკუმენტაცია;

  • გაეცნოთ და დაეთანხმოთ საზოგადოების საქმიანობისა და ეთიკის სტანდარტებს;

  • გაიაროთ წევრობის განაცხადის პროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომია სკბთ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე;

  • დაფაროთ საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების (სკბთს) წევრობის წლიური საფასური, რომელიც შეადგენს 60 ლარს.

წევრობა უზრუნველყოფს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ სემინარებსა და ტრენინგებში, სუპერვიზიის ჯგუფებში და სხვა პროფესიულ აქტივობებში, ასევე ხელს უწყობს კბთ-ის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

კბთ-თერაპევტები არიან პროფესიონალები, რომლებმაც გაიარეს დიპლომისშემდგომი სწავლება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მიმართულებით და აქვთ სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება. ისინი მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იცავენ ეთიკის ნორმებს და წარმატებით იყენებენ კბთ-ის მეთოდებს სხვადასხვა ფსიქიკური გართულების მართვაში.

პროგრამის მიერ აკრედიტირებულ თერაპევტებთან კონსულტაციაზე მოხვედრა შესაძლებელია მათი პერსონალური ან ორგანიზაციის საკონტაქტო არხების საშუალებით.