აკრედიტაცია

აკრედიტაცია წარმოადგენს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების (სკბთს) მიერ დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კბთ-თერაპევტის პროფესიული კომპეტენციის ოფიციალურ აღიარებას. აკრედიტაციის მიზანია უზრუნველყოს, რომ აპლიკანტი დაძლევს ყველა სასწავლო, კლინიკურ და სუპერვიზიულ კრიტერიუმს, რომლებიც განსაზღვრულია სკბთს-ს მიერ და შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) სტანდარტებთან.

აკრედიტაციის მინიჭება ეფუძნება მრავალფაზიან, სისტემურ და ობიექტურ შეფასების პროცედურას, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნა – აპლიკანტს გავლილი უნდა ჰქონდეს სკბთს-ს მიერ აღიარებული თეორიული ტრენინგების მინიმუმ 200 საათი, უნარ-ჩვევათა ტრენინგების მინიმუმ 225 საათი და კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ჩატარებული სუპერვიზიის მინიმუმ 200 საათი (მათ შორის 80 საათი ჯგუფური სუპერვიზია).

  • კლინიკური შემთხვევების შეფასება – აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სუპერვიზიის ქვეშ დასრულებული მინიმუმ 8 კლიენტთან მუშაობა,სულ მცირე, სამი ტიპის ფსიქიკურ აშლილობასთან. თითოეული შემთხვევა ფასდება სუპერვიზორის მიერ და მოიცავს წერილობით ან აუდიო/ვიდეო ჩანაწერებს, კონცეპტუალიზაციასა და თერაპიული გეგმის რეალიზაციას.

  • რეფერატი – სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ აპლიკანტმა უნდა წარადგინოს დამოუკიდებლად მომზადებული წერილობითი ნაშრომი (რეფერატი), რომელიც ასახავს კბთ-ის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოყენების სიმბიოზს კონკრეტულ აშლილობაზე ან თემაზე. ნაშრომში უნდა გამოიკვეთოს აპლიკანტის ანალიტიკური, კრიტიკული და სინთეზის უნარებ. ნამუშევარი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის სავალდებულო და რეკომენდებულ ლიტერატურას.

  • აკრედიტაციის სააპლიკაციო ფორმის შევსება – აპლიკანტმა უნდა წარადგინოს სრულყოფილი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოიცავს დიპლომების, სერტიფიკატების ასლებს, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ ცნობებს და კლინიკურ გამოცდილებასთან დაკავშირებულ დეტალურ მონაცემებს.

  • პროფესიული გამოცდილება და ეთიკა – აკრედიტაციის მინიჭების პირობაა, რომ აპლიკანტს ჰქონდეს მინიმუმ ორი წლის პრაქტიკული გამოცდილება კონსულტირების ან თერაპიული საქმიანობის სფეროში, აღიარებული და დაცული ფსიქოთერაპიული ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.

აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემდგომ, აპლიკანტს ეძლევა EABCT-ს მიერ აღიარებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტის სერტიფიკატი, რომელიც მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს. სერტიფიკატი არის ფასიანი (25 ევრო) და საჭიროებს პერიოდულ განახლებას ახალი კლინიკური გამოცდილებისა და პროფესიული განვითარებისთვის.