სიახლეები

07 ნოე 2025

დასრულდა ტრენინგი თემაზე: „სქემათერაპიის ვორქშოფი ორმაგი დიაგნოზებისთვის: პიროვნული დარღვევები და დამოკიდებულება“

2025 წლის 4–7 ნოემბერს გაიმართა სქემათერაპიის ტრენინგი თემაზე: „სქემათერაპიის ვორქშოფი ორმაგი დიაგნოზებისთვის: პიროვნული დარღვევები და დამოკიდებულება“, რომელსაც ბელგიელი კლინიკური ფსიქოლოგი და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სპეციალისტი, იან კალენსი უძღვებოდა. 

ვორქშოფი ჩატარდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის ორგანიზებით და მიზნად ისახავდა ევროპული სტანდარტების პოპულარიზაციას პიროვნული დარღვევებისა და დამოკიდებულების მკურნალობისა და რეაბილიტაციის სფეროში.

ტრენინგი განკუთვნილი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის — ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქიატრებისთვისა და სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ დამოკიდებულებისა და პიროვნული დარღვევების მქონე პირთან.

ოთხდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს სქემათერაპიის თეორიული საფუძვლების განხილვა და ჩაერთნენ ინტენსიურ პრაქტიკულ სესიებში.

პირველი დღე მიეძღვნა სქემათერაპიის თეორიას, შემთხვევის კონცეპტუალიზაციასა და თერაპიული მიდგომების გააზრებას;
მეორე დღე — სქემებთან მუშაობას და დამოკიდებულების, როგორც მართვის მექანიზმის, შესწავლას;
მესამე დღე — მდგომარეობებთან (მოუდებთან) მუშაობას და მათი ურთიერთკავშირის ანალიზს დამოკიდებულების პროცესში;
მეოთხე დღე კი — კოგნიტური თერაპიის ინტეგრაციას სქემათერაპიის ჩარჩოში დამოკიდებულების მართვის პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის შემდგომ ეტაპად დაგეგმილია სუპერვიზია თემაზე „სქემათერაპია პიროვნული დარღვევებისა და დამოკიდებულებისთვის“, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გააღრმავონ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

ტრენინგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებაში, განსაკუთრებით იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ პიროვნული დარღვევებისა და დამოკიდებულების კომპლექსურ შემთხვევებთან.

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

28 ნოე 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ UNICEF-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.