სიახლეები

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are. კონგრესის მასპინძლები იყვნენ ბელგიის ნიდერლანდურენოვანი და ფრანგულენოვანი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციები - VVGT და AEMTC.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა, რომელსაც შეადგენდნენ ასოციაციის ბორდის წევრები, დამფუძნებლები და სხვა პროფესიონალები. საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური ცოდნის გაცვლის, ისე საერთაშორისო პროფესიულ ქსელთან თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

EABCT-ის 2026 წლის კონგრესის სამეცნიერო პროგრამა აერთიანებდა თანამედროვე კვლევებსა და კლინიკურ პრაქტიკაში განვითარებულ ახალ მიდგომებს. პროგრამა მოიცავდა ფსიქოთერაპიულ ინტერვენციებს, სხვადასხვა პოპულაციასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობებს, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მრავალფეროვნებასა და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს. კონგრესმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კვლევებს, განეხილათ კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე მიმართულებები და პროფესიულ დისკუსიებში ჩართულიყვნენ.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა კონგრესის სამეცნიერო პროგრამაში. ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქეთევან აბდუშელიშვილმა და ირმა ხაბაზმა, საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში კვლევა პოსტერის ფორმატით წარადგინეს. კვლევის კონგრესის პროგრამაში წარმოდგენა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ქართული CBT საზოგადოების კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაცნობად და სფეროში მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიებთან დასაკავშირებლად.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT-ის სრულუფლებიანი წევრია. ასოციაციის მონაწილეობა EABCT-ის ყოველწლიურ კონგრესში ამ პროფესიული კავშირის პრაქტიკული გაგრძელებაა და ხელს უწყობს საქართველოს CBT საზოგადოების ჩართულობას ევროპულ პროფესიულ და სამეცნიერო ქსელში.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.

30 აპრ 2026

EABCT 2026 კონგრესის თიზერ ვიდეო და რეგისტრაციის განახლება

გამოქვეყნდა EABCT 2026 Congress-ის თიზერ ვიდეო, რომელიც მომავალი კონგრესის ძირითად მიმართულებებსა და მასშტაბს ასახავს.