პროექტის მიზანია ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ფსიქოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა, რაც მიმართულია მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, სტრესის, იზოლაციისა და ადაპტაციის სირთულეების შემცირების გზით.
ინიციატივა განხორციელდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების აქტიური ჩართულობით. ქართველმა და უკრაინელმა სპეციალისტებმა ერთობლივად უზრუნველყვეს ფსიქოთერაპიული სერვისების მიწოდება უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რაც შესაძლებელს ხდიდა დახმარების მიღებას ინდივიდუალური საჭიროებებისა და ენობრივი კომფორტის გათვალისწინებით.
პროექტის პირველივე ეტაპზე საქართველოს კბთ საზოგადოების წარმომადგენლებმა დაამყარეს პირდაპირი თანამშრომლობა უკრაინელ კოლეგებთან, რომელთაც გამოხატეს მაღალი პროფესიული ინტერესი და მზადყოფნა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. შედეგად, შეიქმნა 17 უკრაინელი ფსიქოთერაპევტის მონაცემთა ბაზა და ინდივიდუალური საინფორმაციო ბარათები უკრაინულ ენაზე, რომლებიც უზრუნველყოფდა ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომ კომუნიკაციასა და სერვისის არჩევის შესაძლებლობას.
პროექტის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ინფორმაცია გავრცელდა როგორც ონლაინ სივრცეში (Facebook, Telegram და სხვა თემატურ ჯგუფებში), ასევე ფიზიკურ გარემოში — საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, გამოფენებსა და შეხვედრებზე, რომლებიც უკრაინელი მოქალაქეების მონაწილეობით ტარდებოდა.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს მიეწოდათ მრავალფეროვანი თერაპიული ინტერვენციები — მათ შორის სენსორული, მეტყველების, ქცევითი და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის სეანსები, რაც შესაძლებელი გახდა პარტნიორ ორგანიზაციასთან — „სივრცესთან“ — თანამშრომლობის შედეგად.
მონაწილეთა საჭიროებების ანალიზმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით მაღალი იყო მხარდაჭერის მოთხოვნა ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც ხშირად სჭირდებოდათ ინტეგრირებული, მრავალმხრივი თერაპიული ჩარევა.
პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, ემოციურად მხარდამჭერი და კულტურულად მგრძნობიარე გარემოს შექმნას, ფსიქოთერაპიული მომსახურების მრავალენოვან ხელმისაწვდომობას და ფსიქოსოციალური სტრესის, ემოციური დისბალანსისა და ადაპტაციური სირთულეების შემცირებას.