GEO | ENG

News

03 Sep 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.

პროფესორი ფრანკ ნოინერი ჩაატარებს 3.5-საათიან კლინიკურად ორიენტირებულ ონლაინ ვორქშოპს ნარატიული ექსპოზიციის თერაპიის (Narrative Exposure Therapy - NET) შესახებ.

ნარატიული ექსპოზიციის თერაპია (NET) არის ხანმოკლე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპიული მიდგომა, რომელიც შემუშავებულია მრავლობითი და განმეორებითი ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის.

NET აერთიანებს ექსპოზიციაზე დაფუძნებულ ემოციურ დამუშავებას ავტობიოგრაფიული მეხსიერების რეკონსტრუქციასთან. მიდგომა მიზნად ისახავს ფრაგმენტული ტრავმული გამოცდილებების ერთიან და თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ნარატივში ინტეგრირებას.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან NET-ის თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ გამოყენებას. განხილული იქნება, თუ როგორ მოქმედებს ტრავმული სტრესი ავტობიოგრაფიულ მეხსიერებაზე და როგორ გამოიყენება NET-ის ცხოვრებისეული ხაზის (lifeline) მეთოდი მნიშვნელოვანი დადებითი და ნეგატიური გამოცდილებების ბიოგრაფიულ კონტექსტში მოსაქცევად.

ვორქშოპი მოიცავს თერაპიის ძირითად ეტაპებს:

·        შეფასება და მომზადება;

·        ცხოვრებისეული ხაზის (lifeline) შექმნა;

·        მნიშვნელოვანი გამოცდილებების პრიორიტეტიზაცია;

·        ნარატიული ექსპოზიცია;

·        ქრონოლოგიური ცხოვრებისეული ნარატივის ჩამოყალიბება.

კლინიკური მაგალითებისა და პრაქტიკული დემონსტრაციების საშუალებით მონაწილეები გაეცნობიან, როგორ შეიძლება თერაპევტმა ხელი შეუწყოს ემოციურ ჩართულობას, უპასუხოს თავიდან არიდებასა და დისოციაციას და შეინარჩუნოს ემპათიური, ამავდროულად კი ფოკუსირებული თერაპიული პოზიცია.

ვორქშოპის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმობა ნარატიული ექსპოზიციის თერაპიის გამოყენებას მარგინალიზებულ ჯგუფებთან.

მრავალი კლიენტისთვის ტრავმული გამოცდილებები დაკავშირებულია უფრო ფართო ცხოვრებისეულ ისტორიებთან, რომლებიც მოიცავს იძულებით გადაადგილებას, დისკრიმინაციას, გარიყვას, დამცირებასა და სოციალურ დევალვაციას.

ცხოვრებისეულ ნარატივზე დაფუძნებული მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, ხილული გახდეს ეს სოციალური პირობები და ფსიქოლოგიური დისტრესის განხილვა მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემის ჭრილში არ მოხდეს.

ვორქშოპის ფარგლებში განხილული იქნება, როგორ შეიძლება თერაპევტმა აღიაროს და გაითვალისწინოს მსგავსი გამოცდილებები, იყოს მგრძნობიარე კულტურული და სოციალური განსხვავებების მიმართ და თავიდან აიცილოს თერაპიულ პროცესში იმ დინამიკების გამეორება, რომლებიც პაციენტისთვის სოციალური დევალვაციის გამოცდილებას ქმნის.

ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ NET-ის ძირითადი პრინციპებისა და პროცედურების უკეთ გააზრების შესაძლებლობა და შეძლებენ შეაფასონ მისი გამოყენების შესაძლებლობები და შეზღუდვები საკუთარ კლინიკურ და კულტურულ კონტექსტში.

ვორქშოპი განკუთვნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აქვთ ტრავმასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკისა და ეტიოლოგიის საბაზისო ცოდნა.

 

პროფესორი ფრანკ ნოინერი

პროფესორი დოქტორი ფრანკ ნოინერი არის ბილეფელდის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის პროფესორი და ხელმძღვანელი. ამავე უნივერსიტეტში ის ასევე ფსიქოთერაპიის ამბულატორიული კლინიკის სამეცნიერო დირექტორის პოზიციას იკავებს.

პროფესორი ნოინერი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია, როგორც ნარატიული ექსპოზიციის თერაპიის (NET) ერთ-ერთი შემქმნელი - ხანმოკლე თერაპიული ინტერვენციის, რომელიც ტრავმასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება.

მან გამოაქვეყნა პირველი რანდომიზებული მკურნალობის კვლევა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ ომით დაზარალებულ რეგიონში მცხოვრებ ლტოლვილებში. ამას მოჰყვა არაერთი კვლევა ლტოლვილებსა და ომისა და ორგანიზებული ძალადობის შედეგად დაზარალებულ სამოქალაქო პირებთან.

მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს განმეორებითი მძიმე ტრავმის, მათ შორის ომისა და ბავშვობის პერიოდში განცდილი ძალადობის შედეგად განვითარებული ფსიქიკური დარღვევების ეპიდემიოლოგიის, ეტიოლოგიისა და მკურნალობის კვლევას.

მისი მიმდინარე კვლევები ასევე ფოკუსირებულია ლტოლვილებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერებზე და ტრავმის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის სოციალურ-ემოციურ შედეგებზე.

 

ონლაინ ფორმატი და ჩანაწერი

ვორქშოპი ჩატარდება Zoom Webinar-ის პლატფორმაზე პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, პროფესორ ფრანკ ნოინერს შეკითხვები რეალურ დროში დაუსვან.

მონაწილეებს ასევე ექნებათ ვორქშოპის ჩანაწერზე წვდომა მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ვერ შეძლებს მთელი შეხვედრის პირდაპირ რეჟიმში დასწრებას, გამოტოვებს ღონისძიების რომელიმე ნაწილს ან მოგვიანებით მოისურვებს მასალის ხელახლა ნახვას.

ვორქშოპს წარადგენს და ფასილიტაციას გაუწევს ანდრეას ვაიტი (Andreas Vieth), EABCT-ის წარმომადგენელი WCCBT-ში.

 

რეგისტრაცია და მონაწილეობის საფასური

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

რეგისტრაციის გვერდი

 

მონაწილეობის საფასური:

EABCT-ის ასოციაციის წევრი — 45 ევრო;

შეღავათიანი ტარიფი / EABCT-ის განვითარებადი ქვეყანა — 30 ევრო;

არაწევრი — 60 ევრო.

 

რეგისტრაციის საფასური მოიცავს:

 

ონლაინ ვორქშოპში მონაწილეობას;

ვორქშოპის ჩანაწერზე წვდომას;

დამატებით სასწავლო რესურსებს;

CPD სერტიფიკატს - 3.5 საათის ოდენობით.

 

რეგისტრაცია:

https://register.eyas.co.uk/eabctga

 

23 Sep 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

30 Apr 2026

EABCT 2026 კონგრესის თიზერ ვიდეო და რეგისტრაციის განახლება

გამოქვეყნდა EABCT 2026 Congress-ის თიზერ ვიდეო, რომელიც მომავალი კონგრესის ძირითად მიმართულებებსა და მასშტაბს ასახავს.